„ოქროს ბურთის“ ისტორია - France Football-ის ნომინატებში სულ შვიდი ქართველი ფეხბურთელია დასახელებული #1TVSPORT
„ოქროს ბურთის“ ისტორია - France Football-ის ნომინატებში სულ შვიდი ქართველი ფეხბურთელია დასახელებული #1TVSPORT

შესანიშნავი სეზონის შემდეგ, France Football-მა ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში დაასახელა. ჩვენს წერილში კი გაეცნობით იმ ქართველი ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებიც „ოქროს ბურთის“ დაარსებიდან დღემდე France Football-ის საბოლოო სიაში მოხვდნენ.

„ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d’Or) ჯილდოა, რომელიც ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა დააწესა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასაც უწოდებენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს, გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა, დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ მიიჩნევა.

ფრანგული გამოცემა საუკეთესოთა საბოლოო სიაში სხვადასხვა რაოდენობის მოთამაშეებს ასახელებდა – ზოგჯერ 21-ს, ზოგჯერ 25-საც. საბოლოო სიაში, ხვიჩა კვარაცხელიას ჩათვლით, მხოლოდ შვიდი ქართველი ფეხბურთელია დასახელებული.

პირველად ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოთა შორის 1961 წელს დაასახელეს – მიხეილ მესხი მე-17 ადგილზე გავიდა, ხოლო სლავა მეტრეველი 23-ზე, რომელიც 1965 წელს მე-17 პოზიციაზე მოხვდა. ასევე ორჯერ დაასახელეს მურთაზ ხურცილავა – 1968 წელს 24-ე, ხოლო 1972 წელს – მე-11 პოზიციაზე.

თუმცა, France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ შორეულ 1981 წელს დაასახელა და ათეულში ლეგენდარული 13 მაისის თაობის თბილისის „დინამოს“ ორი ლიდერი მოხვდა. მეშვიდე ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, მერვეზე – კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე. მართალია, ათეულში ვერ მოხვდა, მაგრამ მე-11 პოზიციაზე იყო „დინამოს“ ლეგენდარული „ათიანი“ დავით ყიფიანი. მას შემდეგ 42 წელი გავიდა.