ალექსანდრე ჩივაძე - 13 მაისის თბილისის „დინამო“ საქართველოს ნაკრები რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს მივაღწევდით #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძე - 13 მაისის თბილისის „დინამო“ საქართველოს ნაკრები რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს მივაღწევდით #1TVSPORT

„13 მაისის თბილისის „დინამო“ საქართველოს ნაკრები რომ ყოფილიყო, რა წარმატებას მიაღწევდა?“ – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანის, გია თვალაბეიშვილის ამ მოულოდნელ კითხვაზე ალექსანდრე ჩივაძემ საინტერესო პასუხი გასცა. მანამდე კი თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა 13 მაისის ტრიუმფზე ისაუბრა.

„სულაც არაა რთული კითხვა. გამოცდილება გვქონდა და ის ბიჭები საქართველოს ნაკრები რომ ვყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს მივაღწევდით.

„თბილისის „დინამოს“ ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, როდესაც კარგი თაობა და კარგი მწვრთნელი გუნდში ერთდროულად იყვნენ – 1964 წელს გავრილ კაჩალინი და მიხეილ იაკუშინი მიხეილ მესხისა და შოთა იამანიძის თაობასთან ერთად მოვიდნენ.

მეორედ ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდში ნოდარ ახალკაცი და ჩვენი თაობა იყო. 1976 წლიდან ეს გუნდი ევროპულ სარბიელზე გავედით და იმდენ კლუბს შევხვდით და ისეთი გამოცდილება მივიღეთ, რომ ამ წარმატებისთვის მზად ვიყავით – „ლივერპულთან“, „ნაპოლისთან“, „ინტერთან“ და „ვესტ ჰემთან“ თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ეს თასი უნდა აგვეღო.

მაშინ ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ვთამაშობდით, სადაც რეალურად „დინამო“ საქართველოს ნაკრები იყო, კიევის „დინამო“ – უკრაინის, ერევნის „არარატი“ – სომხეთის. წარმოიდგინეთ, როგორ ჩემპიონატში ვთამაშობდით. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გამარჯვების ერთად ვირწმუნეთ. თუ გახსოვთ, მეორე წელსაც ნახევარფინალში ისე გავედით, როგორც არაფერი. სხვათა შორის, ვიდეოჩანაწერები რომ შემოვიდა, ამანაც დიდი როლი ითამაშა, რადგან მეტოქეების თამაშებს ვუყურებდით და კარგად გვყავდა შესწავლილი“.

42 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ეს დღემდე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ევროპული ტიტულია.