„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ განაპირობა
„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ განაპირობა

კომერციული გაზის საფასური, გარდა პურის საწარმოებისა, 3 იანვრიდან ძვირდება. ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.10 თეთრი იქნება, – განაცხადა შპს „თბილისი ენერჯის“ დირექტორმა კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, ედიშერ ხორავამ.

ედიშერ ხორავას განმარტებით, ტარიფის გაძვირება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ განაპირობა. მისი თქმით, ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება რომ არ შეფერხდეს, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება არის აუცილებელი.

„როგორც იცით, კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს უცხოურ ვალუტაში, ხოლო გაყიდვა ხორციელდება ეროვნული ვალუტით. ცხადია, ბოლო პერიოდში სავალუტო კურსი იყო ცვალებადი ქმნიდა და ქმნის ძალიან დიდ წნეხს კომპანიისთვის, რათა გაწიოს საკუთარი მომსახურება და კიდევ მოამარაგოს ბუნებრივი გაზი. დღემდე კომპანია ინარჩუნებდა ყველაზე დაბალ ტარიფს, როგორც არასაყოფაცხოვრებო, ასევე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების კუთხით, თუმცა იმ მიზნებისთვის რასაც კომპანია ემსახურება და რაც წარმოადგენს კომპანიის ძირითად სალიცენზიო პირობას, ეს არის დედაქალაქის ბუნებრივი გაზით მომარაგება უწყვეტ რეჟიმში. ამისთვის გახდა აუცილებელი, რათა თავიდან ავირიდოთ შეფერხებები და გარკვეული საფრთხეები სავალუტო კურსის რყევების გამო. ამიტომ ჩვენ გავავრცელეთ დღეს განცხადება, რომ 3 იანვრიდან დღეს არსებული არასაყოფაცხოვრებო ტარიფი – 86 თეთრი შეიცვლება და გახდება 1.10 თეთრი“, – აცხადებს ხორავა.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ცვლილება არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და მათ ექნებათ იგივე ტარიფი, ეს დადგენილია სამი წლით სემეკ-ის მიერ.

„ასევე, ხაზს გავუსვამთ იმას, რომ გავითვალისწინეთ გარკვეული სოციალური ფაქტორები და ამ ეტაპზე, როგორც შევძელით, ძირითად პურის საწარმოებს, რომლებიც ქალაქს ამარაგებენ, ეს ცვლილებები არ შეეხებათ და მათ დარჩებათ ძველი ტარიფი.

ასევე, მინდა, ერთი საკითხი გავაჟღერო – ჩვენი საყოფაცხოვრებო ტარიფი ყველაზე დაბალია – 46 თეთრი და დღეს მოხდა ის, რომ გარდაბნის რაიონის შვიდი სოფელი შემოგვიერთდა, რომლებსაც ტარიფი გაუიაფდათ და ასევე გახდა 46 თეთრი“, – განაცხადა ედიშერ ხორავამ.