ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში, ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს.