თამარ ჩუგოშვილი - არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან
თამარ ჩუგოშვილი - არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან

ჩვენ არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო დელეგაციის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს რეზოლუციას, რომელიც ორგანიზაციის რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს. დეპუტატების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები მიზნად რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავს. ჩუგოშვილის თქმით, ასეთი მიდგომა დაუშვებელია და ასამბლეამ ჩიხიდან გამოსავლის სხვა გზა უნდა მოძებნოს.

„ანგარიშის ავტორი შეეცადა დაბალანსებული დოკუმენტი წარმოედგინა, თუმცა ის მაინც სადავოა. ამ დოკუმენტში ჩვენ ვეძებთ კომპრომისს, მაგრამ ეს მაინც ცალმხრივი კომპრომისია. არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ ვცვლით წესებს, რათა მივცეთ საშუალება რუსეთს, თავი აარიდოს ვალდებულებებს. ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხონ, ჩვენ გვიდა, რომ ის ევროსაბჭოში დარჩეს, მაგრამ არა ცალმხრივი კომპრომისის, რუსეთის შანტაჟის, ან ფინანსური ზეწოლის საფუძველზე. თუ ამას დავუშვებთ, ეს ორგანიზაციას დაასუსტებს და დააზარალებს ევროსაბჭოს ასამბლეის რეპუტაციას. რუსეთი უნდა იყოს ევროსაბჭოში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და უნდა შევძლოთ ჩიხიდან გამოსვლა ისე, რომ ევროსაბჭო უფრო ძლიერი გახდეს და არ შესუსტდეს. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ორგანიზაციის წინაშე და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროსაბჭოს გააძლიერებს და წესების შეცვლის გარეშე გამოიყვანს ჩიხიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.