თაკო ჩარკვიანი - სირცხვილის კორიდორზე რომელიღაც პარტიამ შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საჭირო გახდება და ჩემს კოლეგებს დასჭირდებათ დახმარება, პრობლემა არ მაქვს
თაკო ჩარკვიანი - სირცხვილის კორიდორზე რომელიღაც პარტიამ შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საჭირო გახდება და ჩემს კოლეგებს დასჭირდებათ დახმარება, პრობლემა არ მაქვს

დემოკრატიაა, სირცხვილის კორიდორზე რომელიღაც პარტიამ შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება, ვერაფრით ვეტყვი, რატომ-თქო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„იცით, რომ არანაირი ძალადობის მომხრე არასდროს ვარ ხოლმე, თუმცა ვერც იმ ფორმას დავუშლი ვიღაცას, რომელიღაცა პარტიას. დემოკრატიაა, სირცხვილის კორიდორზე რომელიღაცა პარტიამ შეიძლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ვერაფრით ვეტყვი, რატომ-თქო. ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და თუ პირდაპირ გეტყვით, იქ შემსვლელი დეპუტატები თვლიან, რომ იმ ოქმების საფუძველზე, რაც არსებობს ოფიციალურად, ამისი გამართლება სახელმწიფოში შესაძლებელია, მაშინ ის დეპუტატები, რომლებიც ასე ფიქრობენ, სამარცხვინოები არიან“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, წინასწარ ვერ იტყვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საარჩევნო უბნებზე დაგეგმილ სირცხვილის კორიდორებში, თუმცა თუ მის კოლეგებს დასჭირდებათ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი, როგორ წარიმართება. საჭირო გახდება, რომ ჩემს კოლეგებს დასჭირდებათ იქ დახმარება, პრობლემა არც ეს მაქვს. ისე აქედან ვეტყვი, კორიდორის გარეშე, მეგობრებო, თუ თქვენ ფიქრობთ, ვინც ახლა შესვლას აპირებთ „ოცნების“ სიით, თქვენი თანამოქალაქეების ხმები გაყალბებულია და თქვენ ეს არაფრად მიგაჩნიათ, კორიდორების გარეშე გეტყვით, რომ სამარცხვინოები ხართ“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ. მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

ამასთან, დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ყველგან გაყალბებულია და შესაბამისად, ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.

დატოვე კომენტარი