ტაისონ ფიური ნოკდაუნში ჩავარდა, მაგრამ ქულებით მოუგო ფრენსის ნგანუს [ვიდეო] #1TVSPORT
საუდის არაბეთში საკრივო საღამო გაიმართა, რომლის მთავარი ბრძოლა იყო სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ტაისონ ფიურისა და UFC-ის ყოფილ ჩემპიონის, ფრენსის ნგანუს დაპირისპირება. ამ უკანასკნელს დებიუტი ჰქონდა პროფესიულ კრივში. ბრძოლა ოფიციალური იყო, თუმცა წაგების შემთხვევაში ფიური არ დაკარგავდა თავის საჩემპიონო ქამარს.
პირველ რაუნდში, როგორც მოსალოდნელი იყო, ფიური ხშირად ხმარობდა ჯებს და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მის მოქმედებებში ნერვიულობა შეიმჩნეოდა.
მეორე რაუნდში ნგანუმ მიზანში მოხვედრა დაიწყო. ფიურის ქმედებებიდან ჩანდა, რომ მან იგრძნო მეტოქის ძალა და რაუნდის ბოლოს რამდენჯერმე კლინჩში შევიდა. ნგანუ კარგად ამცირებდა დისტანციას მეტოქესთან და მესამე რაუნდში მოწინააღმდეგე მარცხენა ჰუკით დაიჭირა – ფიური რინგზე დაეცა.
ბრიტანელმა მოახერხა წამოდგომა და რაუნდის ბოლომდე გაძლო, მაგრამ ძალიან დაბნეული ჩანდა. თუმცა თანდათან ფიურიმ მაინც მოახვია თავს საკუთარი ბრძოლა მეტოქეს: მიზანს აღწევდა მისი ჯებები და ორმაგი დარტყმები. ნგანუ ფიზიკურად ძლიერი იყო, მაგრამ ფეთქებადი შეტევებისთვის სულ უფრო ნაკლები ძალა რჩებოდა.
ბრძოლის ტემპი დამშვიდდა, რის შემდეგაც ფიურიმ ფრთხილი ბრძოლით რამდენიმე რაუნდი მოიგო. მაგრამ მერვე რაუნდში რინგზე ბრძოლა ისევ გაჩაღდა: ნგანუმ მძლავრი დარტყმა მოახვედრა მიზანში, ფიურიმ უკან არ დაიხია. მოკრივეებმა რინგის ცენტრში დიდი ჩხუბი გამართეს და კამერუნელმა სერიოზული ზიანი მიაყენა ფავორიტს.
ბრძოლის დარჩენილი ნაწილი ფიური ისევ დისტანციაზე მოქმედებდა: რინგზე წრეებს ურტყამდა და ჯებებს ისროდა. ნგანუ პერიოდულად აქტიურობდა, მაგრამ მძლავრი შეტევისთვის უკვე ძალა აღარ ჰქონდა. საბოლოოდ, ფიურიმ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (96:93, 95:94, 94:95), რაც ზოგიერთისთვის არასამართლიანი შედეგი იყო.
საღამოს გმირი მაინცფრენსის ნგანუ აღმოჩნდა. მან ბავშვობის ოცნება აისრულა და კრივის სუპერმძიმე წონაში ძალიან კონკურენტუნარიანი ბრძოლა ჩაატარა საუკეთესო მოკრივესთან.
ფიურიმ კი, როგორც ჩანს, იგრძნო, რომ არ არის საუკეთესო ფორმაში და, შესაძლოა, გადადოს დეკემბერში დაგეგმილი ბრძოლა უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან: „მე მოვიგე. წავალ სახლში, დავისვენებ და შევხედავ, რა იქნება შემდეგ. როგორც ჩანს, 23 დეკემბერი ცოტათი უნდა გადაიწიოს“.