სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური შეიძლება სერიოზულ სკანდალში გაეხვას დოპინგის გამოყენების გამო, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.
როგორც ირკვევა, ბრიტანელი მოკრივის გუნდის წევრი 2016 წლის იანვარში ფერმერ მარტინ კერფუტს 30 ათას დოლარს სთავაზობდა იმისთვის, რომ ის დახმარებოდა ბრიტანელ მოკრივეს დოპინგის მიღების დამალვაში.
ფერმერი უნდა გამოსულიყო სასამართლოში და განეცხადებინა, რომ მოკრივის ორგანიზმში დოპინგი ტახის გაფუჭებული ხორცისგან მოხვდა, რომლითაც მან ფიურის გუნდს მოამარაგა.
მამაკაცმა მართლაც მისცა საჭირო ჩვენება, მაგრამ ამის სანაცვლოდ ფული ვერ მიიღო. „თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ფერმაში ტახი არასოდეს მყოლია. მათ დიდი ფული შემომთავაზეს და მე წამოვეგე მათ ისტორიაზე”, – განაცხადა კერფუტმა.
2015 წელს, ფიურიმ დაამარცხა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო. ბრძოლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელის ორმა დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა, რის გამოც მოკრივემ ბრიტანეთის საკრივო საბჭოსგან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ტაისონმა მაშინ თავის სინჯში ნანდროლონის არსებობა გარეული ტახის ხორცის მიღებით ახსნა.
თებერვლის ბოლოს, ფიურიმ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა დეონტეი უაილდერი და WBC-ის ტიტული მოიპოვა.