ტაიმაუტი | ზურგით საბჭოეთის დროშისგან, შავი ხელთათმანით კვარცხლბეკზე - ოლიმპიური ბოიკოტის ექვსი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა [ვიდეო] #1TVSPORT

წელიწადზე მეტია, მოძრაობაში „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენები და სპორტული ორგანიზაციები. თითქმის ყველა შიდა თუ საერთაშორისო ტურნირზე მუხლის მოდრეკა, მუშტის აწევა თუ პროტესტის გამომხატველი წარწერებიანი მაისურის ჩაცმა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიაში ჩადებულ 50-ე წესს, რომლის მიხედვითაც, თამაშებზე იკრძალება ნებისმიერი დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური თუ რასობრივი ხასიათის პროპაგანდა, ამავე ხასიათის მქონე ნებისმიერი ჟესტის გამოხატვა, მათ შორის, მუხლზე დადგომა, ზონარის ტარება, მინაწერებისა და ტატუს წარმოჩენა და ოფიციალურ ცერემონიათა პროტოკოლის დარღვევა.

შესაბამისად, ტოკიოს თამაშების ორგანიზატორები აქტიურად მოუწოდებენ სპორტსმენებს, არ დაარღვიონ აღნიშნული კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაისჯებიან. ათლეტთა დიდ ნაწილს ეს აკრძალვა არასწორად მიაჩნია.

ოლიმპიზმის ისტორიაში არის რამდენიმე ეპიზოდი, როცა მონაწილეებმა 50-ე წესი დაარღვიეს და სხვადასხვა სახის პროტესტი გამოხატეს. ჩვენ ზოგიერთ მათგანს შემოგთავაზებთ.

 

პირველი ასეთი ფაქტი 1906 წლის ათენის თამაშებზე დაფიქსირდა. ახალი წესის თანახმად, მაშინ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მხოლოდ იმ სპორტსმენებს შეეძლოთ, რომლებსაც რომელიღაც ოლიმპიური კომიტეტი წარადგენდა. ვინაიდან ირლანდიას ასეთი კომიტეტი არ ჰქონდა, ამ ქვეყნის წარმომადგენელი მძლეოსანი პეტერ ო’კონორი იძულებული გახდა, თამაშებზე დიდი ბრიტანეთის სახელით გამოსულიყო. იმ პერიოდში ირლანდია დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. სიგრძეზე ხტომაში ო’კონორმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე ის დროშებისთვის განკუთვნილ ძელზე ავიდა, ბრიტანეთის დროშა ჩამოხსნა და ირლანდიისა დაამაგრა.

ამ საქციელისთვის სპორტსმენი არ დაუსჯიათ. იმ ოლიმპიადზე ო’კონორმა კიდევ 3 ოქროს მედალი მოიგო.

 

1968 წლის მეხიკოს თამაშების დაწყებამდე სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჰარი ედვარდსი შავკანიანებს ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, ამერიკის საზოგადოებაში გამეფებული რასიზმისადმი პროტესტის ნიშნად.

ბიოკოტი არ შედგა, მაგრამ ედვარდსის ამ მოწოდებამ გამოძახილი ჰპოვა 200 მეტრზე რბენაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე. ორმა აფროამერიკელმა ათლეტმა – ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა ამერიკის ჰიმნის დროს დროშას ზურგი აქციეს, მაღლა აღმართეს შავხელთათმანიანი მუშტი და ამ ჟესტით რასიზმი გააპროტესტეს. სპორტსმენებს არ ეცვათ ფეხსაცმელები და თავები ჰქონდათ დახრილი. მათ სოლიდარობა გამოუცხადა ვერცხლის მედლის მფლობელმა, ავსტრალიელმა პიტერ ნორმანმაც.

შედეგად, სმიტი და კარლოსი სამუდამოდ მოკვეთეს ოლიმპიადებიდან. მომდევნო თამაშებზე აღარ წაიყვანეს ნორმანიც. ათლეტების საქციელი მხოლოდ წლების შემდეგ დააფასეს. სან ხოსეს უნივერსიტეტში დგას მონუმენტი, ოლიმპიური კვარცხლბეკი, რომელზეც სმიტი და კარლოსი აღმართული მუშტებით დგანან.

 

ამავე თამაშებზე საკუთარი პროტესტი დააფიქსირა ტანმოვარჯიშემ ჩეხოსლოვაკიიდან ვერა კასლავსკამ. ოლიმპიადის დაწყებამდე ორი თვით ადრე, ჩეხოსლოვაკია ოკუპირებულ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ. კასლავსკამ ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიაზე, ზურგი შეაქცია საბჭოთა კავშირის დროშას. ამის გამო ის გუნდიდან გააგდეს და სპორტული საქმიანობა აუკრძალეს.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, კასლავსკა თავს დამლაგებლობით ირჩენდა.

 

ოლიმპიადებზე პროტესტს მხოლოდ ცალკეული სპორტსმენები არ გამოხატავდნენ. 1980 წლის მოსკოვის თამაშების დაწყებამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ბოიკოტს 64 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის კანადა, გფრ, იაპონია, ჩინეთი, კენია და ნორვეგია.

ზოგიერთი იმ ქვეყნის დელეგაციამ, რომელიც ბიოკოტს არ შეუერთდა, პროტესტი უშუალოდ თამაშებზე გამოხატა სხვადასხვა ფორმით: ათი დელეგაცია საერთოდ არ გამოვიდა გახსნის აღლუმზე, რამდენიმე დელეგაცია არა სახელმწიფო, არამედ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ან საერთაშორისო ოლიმპიური დროშით მოდიოდა, ზოგიერთმა უარი თქვა გამარჯვების შემთხვევაში თავისი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაზე.

პრეზიდენტმა კარტერმა უფლება არ მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, დახურვის ცერემონიალზე აღემართა ამერიკის, როგორც მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის, დროშა. ყოველივე ამის მიზეზი კი ის იყო, რომ წინა წელს საბჭოთა ჯარის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ.

 

2004 წლის ათენის თამაშებზე ირანელმა ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა არაშ მირესმაელმა მედლისთვის ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა. მან უარი თქვა შეხვედროდა ისრაელის წარმომადგენელ ეჰუდ ვაკსს და დისკვალიფიკაცია მიიღო. ამ საქციელით მან სოლიდარობა გამოხატა პალესტინელი ხალხის მიმართ. სპორტსმენს სამშობლოში გადაწყვეტილება მოუწონეს.

ირანის ოლიმპიური კომიტეტისგან მან ჯილდოდ იგივე თანხა მიიღო, რაც იმ წლის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა.

 

დაბოლოს, 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთში არსებული ჰომოფობიური განწყობა სპორტსმენებმა სხვადასხვა გზით გააპროტესტეს. LGBTQ-თემის დროშის ფერები და სიმბოლოები ზოგიერთი მონაწილის სამოსისა და ეკიპირების ნაწილად იქცა.

დატოვე კომენტარი