ტაილანდში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ტაილანდში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ტაილანდის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

„როიტერი“ წერს, რომ წინა დღეს პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. გასულ კვირაში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და აიკრძალა პოლიტიკური მიზნით ხუთზე მეტი პირის შეკრება, თუმცა დღეს ბანგკოკში დემონსტრანტებმა აქცია მაინც გამართეს. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა უკვე სამი თვეა, გრძელდება.

დემონსტრანტები ტაილანდის პრემიერ-მინისტრის, პრაიუთ ჩან-ოჩას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრმა გასული წლის არჩევნები გააყალბა, რათა 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად მიღებული ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ჩან-ოჩა ამ ბრალდებას უარყოფს.

აქციის მონაწილეები ასევე ღიად აკრიტიკებენ ტაილანდის მეფეს, მაჰა ვაჩირალონგკორნს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მონარქის შეურაცხყოფა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საპროტესტო აქციების თაობაზე სამეფო სასახლეს კომენტარი არ გაუკეთებია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მონარქია უკვე წლებია, ქვეყანაში სამხედრო ძალების პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას უწყობს ხელს.