„სუპერ რაგბი“ დაიშალა - სამხრეთაფრიკული კლუბები „პრო 14“-ში ითამაშებენ
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ადგილობრივი კლუბები მომდევნო სეზონიდან ტრადიციულ სამხრეთულ გათამაშება „სუპერ რაგბის“ (Super Rugby) გამოაკლდებიან და ევროპულ „პრო 14“-ში (Pro 14) განაგრძობენ ასპარეზობას. მიზეზად სამხრეთაფრიკელები ახალი ზელანდიის მხრიდან ადგილობრივი „სუპერ რაგბი აოტეაროას“ (Super Rugby Aotearoa) გამართვას ასახელებენ.
გადაწყვეტილება ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც პროვინციების კავშირებმა ხმა მის სასარგებლოდ მისცეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაცვლად ახალზელანდიური და ავსტრალიური გუნდებისა, ოთხი საუკეთესო სამხრეთაფრიკული კლუბი – „ბულსი“, „შტორმერსი“, „შარქსი“ და „ლაიონსი“ სეზონის განმავლობაში ირლანდიურ, უელსურ, შოტლანდიურ და იტალიურ გუნდებს შეხვდებიან.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მხოლოდ საკლუბო დონეზე მიიწევენ ჩრდილო ნახევარსფეროსკენ და სანაკრებო ასპარეზზე კვლავ „რაგბი ჩემფიონშიფში“ (Rugby Championship) რჩებიან, სადაც „ქურციკებთან“ ერთად ახალი ზელანდია, ავსტრალია და არგენტინა თამაშობენ.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის განცხადებით, ორგანიზაცია იძულებული გახდა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, რადგან უპირველესად, ახალმა ზელანდიამ, ხოლო შემდეგ ავსტრალიამაც „სუპერ რაგბის“ ადგილობრივი სეზონი გამართეს, გამარჯვებულები გამოავლინეს და მომდევნო წლიდან საერთო ტურნირის შექმნაზეც საუბრობენ. აღნიშნულ მოლაპარაკებებში სამხრეთაფრიკული მხარე არ მონაწილეობდა.
„კავშირის წევრები კმაყოფილები არიან, რომ „პრო 14“-თან ვაღრმავებთ ურთიერთობას. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საკლუბო დონეზე ჩრდილო ნახევარსფეროში ვითამაშებთ, თუმცა აქვე ვამბობთ, რომ გადაწყვეტილების მიღება გარეშე ფაქტორებმა გვაიძულა“, – განაცხადა კავშირის პრეზიდენტმა ჯური რუმ.