ახალზელანდიური „სუპერ რაგბი აოტეაროა“ 2021 წელს დაბრუნდება - ტურნირში სამი ახალი კლუბი ჩაერთვება
ახალზელანდიური „სუპერ რაგბი აოტეაროა“ 2021 წელს დაბრუნდება - ტურნირში სამი ახალი კლუბი ჩაერთვება

„სუპერ რაგბის“ ახალზელანდიური ვერსია – „აოტეაროა“ 2021 წელს დაბრუნდება და უკვე ცნობილია, რომ გათამაშებას 2022 წლიდან მინიმუმ სამი კლუბი დაემატება.

„ნიუ ზელანდ ჰერალდის“ (New Zealand Herald) სარაგბო მიმომხილველ ლაიამ ნაპიერის ინფორმაციით, ხუთი ახალზელანდიური გუნდი („ბლუზი“, „ჩიფსი“, „ქრუსეიდერსი“, „ჰაილენდერსი“ და „ჰარიქეინსი“) მომდევნო სეზონზე ერთმანეთს ორჯერ – შინ და სტუმრად შეხვდებიან, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ითამაშებენ. მიუხედავად ახალზელანდიურ და ავსტრალიურ რაგბის კავშირებს შორის არსებული კონფლიქტისა, მხარეები აცხადებენ, რომ „სუპერ რაგბის“ ადგილობრივი ტურნირების დასრულებას ორი ქვეყნის საუკეთესო კლუბების დაპირისპირება მოყვება. აღნიშნული გათამაშების ფორმატი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

აგრეთვე, 2022 წლიდან, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი „სუპერ რაგბი აოტეაროას“ გაფართოებას მინიმუმ სამი გუნდით გეგმავს. ცნობილია ისიც, რომ გათამაშებაში წყნარი ოკეანის კუნძულების (ფიჯი, ტონგა, სამოა) მინიმუმ ერთი გუნდი ჩაერთვება. ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდო მონაწილეებად ავსტრალიური „ვესტერნ ფორსი“ და ჩინური „საუზ ჩაინა ლაიონსიც“ განიხილებიან. ეს უკანასკნელი ტურნირის განმავლობაში ახალ ზელანდიაში დაფუძნდება, თუმცა საშინაო მატჩებს ჰონგ კონგსა და შანხაიშიც გამართავს.