„ლომებმა“ „შარქსი“ დიდი ანგარიშით დაამარცხეს - ჰენდრიქსეს შეცდომა გადამწყვეტი აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლომებმა“ „შარქსი“ დიდი ანგარიშით დაამარცხეს - ჰენდრიქსეს შეცდომა გადამწყვეტი აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ რიგით მეოთხე შეხვედრა ამ ტურნეზე ყველაზე დიდი ანგარიშით დასრულდა. მიუხედავად პირველ ნახევარში გამართული თანაბარი ბრძოლისა, ჯეიდენ ჰენდრიქსეს წითელი ბარათი გარდამტეხი აღმოჩნდა აფრიკული გუნდისთვის.

მატჩის პირველი ლელო ქრის ჰარისმა მიითვალა, რასაც დენ ბიგარის გარდასახვა მოჰყვა. ექვს წუთში „შარქსმა“ ელიოტ დეილის შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე საპასუხო ლელო ენტონი ფოლმინკმა გაიტანა. ამას გარდასახვაც დაემატა – 7:7.

ცოტა ხანში „შარქსი“ წინაც გავიდა, შეცურებულ ბურთზე პირველი აბრაჰამსი აღმოჩნდა და ანგარიში 12:7 გახადა. ამას ჯეიმი ჯორჯის ანგარიშის გამათანაბრებელი ლელო მოჰყვა, შემდეგ ჰენდრიქსეს მიერ ჩაჭრილმა ბურთმა და 80 მეტრიანმა ლელომ „შარქსი“ ისევ წინ გაიყვანა. დუან ვან დერ მერვემ პასუხი არ დააყოვნა, ბიგარმა გარდასახა – 19:19.

„შარქსი“ „ლომების“ შეცდომებს კარგად იყენებდა. ბიგარის გრძელი პასი ვან დერ მერვემ ვერ აიღო, აბრაჰამსი დაულაგებელ დაცვას ადვილად გასცდა, ერთი-ერთზე დეილისთან გავიდა და შიგნით მიმყოლ ფოლმინკს მეორე ლელო დაადებინა. თაიგ ბერნმა რაქიდან მოპარული ბურთი დაამიწა, ბიგარმა გარდასახვით პირველ ტაიმში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საწყის 40 წუთში გუნდებმა ქულები ზუსტად გაცვალეს 26:26. „ლომები“ თითქოს უსახურ თამაშს ატარებდნენ და რომ არა ახალგაზრდა 9 ნომრის, ჰენდრიქსეს სავალალო შეცდომა და წითელი ბარათი მეორე ნახევრის საწყის წუთებში, იქნებ ისტორიული შედეგიც დაფიქსირებულიყო. მატჩის 45-ე წუთზე „შარქსი“ 14 მოთამაშით დარჩა.

ამის შემდეგ დაძაბულობა თამაშში გაქრა. „ლომების“ 7 ლელოს „შარქსმა“ მხოლოდ ერთით უპასუხა.

საბოლოოდ, თაიგ ბერნის, ჯეიმი ჯორჯის და ენტონი ვოთსონის დუბლებით, ქრის ჰარისის, დუან ვან დერ მერვეს, ჯეკ ქონანის, ელიოტ დეილისა და ტომ ქარის თითო-თითო ლელოთი და დენ ბიგარის 8 გარდასახვით – „ლომებმა“ „შარქსი“ 71:31 დაამარცხეს.

„ლომები“ აფრიკული ტურნეს ფარგლებში შემდეგ თამაშს სამხრეთ აფრიკის „ა“ გუნდთან 14 ივლისს გამართავენ, შემდეგ 17-ში „სთორმერზთან“ და ამით დაასრულებენ მოთელვას. 24-ში კი უკვე სამ რაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩს ჩაატარებენ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან.