„სპორტინგი“ ჩრდილოეთმაკედონიელთა ვიცეკაპიტანს რუსეთში უშვებს - რისტოვსკი გარიგებით უკმაყოფილოა
ევრო2020-ის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის მცველი სტეფან რისტოვსკი დიდი ალბათობით, კარიერას რუსულ კლუბში გააგრძელებს, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.
სტეფან რისტოვსკის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და ვიცეკაპიტანია, ამჟამად ლისაბონის „სპორტინგში“ თამაშობს, მაგრამ კლუბმა აცნობა, რომ გუნდი უნდა შეიცვალოს და მოსკოვის „დინამოში“ ითამაშოს.
„ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველის გადაბირება მოსკოვის „სპარტაკსა“ და „ზენიტსაც“ სურდათ, მაგრამ მოლაპარაკებებში ყველაზე კონკრეტული „დინამო“ იყო, რომელიც პორტუგალიურ გრანდს შეუთანხმდა. რისტოვსკი უკმაყოფილო დარჩა ამ გარიგებით და „სპორტინგის“ მენეჯმენტის პოზიციით, რომელმაც ხელფასის გაზრდის დაპირება არ შეუსრულა. ის ლისაბონიდან წასვლას აყოვნებს, მაგრამ „სპორტინგის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ რისტოვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების თამაშების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრება და „დინამოსთან“კონტრაქტს გააფორმებს“, – წერს „ა ბოლა“.
პორტუგალიური გამოცემის ცნობით, „სპორტინგი“ მოსკოვის „დინამოს“ სეზონის დასრულებამდე მოთამაშის იჯარას იმ პირობით დათანხმდა, რომ რუსული კლუბი რისტოვსკის კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულში სამ მილიონ ევროდ გამოისყიდის.