ევროპის ლიგა I „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „სევილიასთან“ ორბურთიანი უპირატესობა ავტოგოლებით დაკარგა #1TVSPORT
ევროპის ლიგა I „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „სევილიასთან“ ორბურთიანი უპირატესობა ავტოგოლებით დაკარგა #1TVSPORT

უეფა-ს ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე ტურნირის რეკორდსმენი, ექვსგზის გამარჯვებული „სევილია“ მიიღო. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ინგლისურმა გრანდმა პირველ ტაიმში სერიოზული უპირატესობა მოიპოვა და უკვე 21-ე წუთზე მარსელ ზაბიცერის დუბლით ანგარიშით 2:0 დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმში ანდალუსიელებმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხეს, უპირატესობა ხელთ იგდეს და მატჩის მიწურულს ტაირელ მალასიასა (84) და ჰარი მაგუაიერის (90+2) ავტოგოლებით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მოიგო ტურინის „იუვენტუსმა“. იტალიელებმა საკუთარ მოედანზე ლისაბონის „სპორტინგი“ 1:0 დაამარცხეს. მატჩის განმავლობაში პორტუგალიელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა უპირატესობის გოლებში გარდასახვა ვერ მოახერხეს. „ბებერმა ქალბატონმა“ თავისი ერთადერთი ბურთი 73-ე წუთზე გაიტანა, თავის გამოჩენა ფედერიკო გატიმ შეძლო.

თავისი მატჩი წააგო გასული სეზონის კონფერენსლიგის გამარჯვებულმა „რომამ“. ჟოზე მოურინიოს გუნდი სტუმრად „ფეიენოორდთან“ 0:1 დამარცხდა. რომაელთა კარის აღება შეხვედრის 53-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით ნიდერლანდელმა მატს ვიფერმა მოახერხა. მეორე ტაიმის მიწურულს „რომას“ რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ანგარიში ვერ გაათანაბრა.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გერმანიაში გაიმართა. ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ბაი არენაზე“ ბელგიური „იუნიონ სენტ ჟილი“ მიიღო. დაძაბული და უხეში პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 51-ე წუთზე ისინი ვიქტორ ბონიფასიმ დააწინაურა. ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა „ბაიერმა“ წონასწორობა  82-ე წუთზე აღადგინა, გოლი ფლორიან ვირცმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც 1:1 დააფიქსირა.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 20 აპრილს გაიმართება. „იუვენტუსი“-„სპორტინგის“ წყვილში გამარჯვებული გუნდი უძლიერეს ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „სევილიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო „ფეიენოორდსა“ და „რომას“ წყვილში საუკეთესო გუნდი ფინალში გასასვლელად „იუნიონ სენტ ჟილსა” და „ლევერკუზენის ბაიერს“ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ლიგის ფინალს 31 მაისს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „სევილია“ 2:2
გოლები: ზაბიცერი (14, 21), მალასია ა.გ. (84), მაგუაიერი ა.გ. (92+2)

„იუვენტუსი“ – „სპორტინგი“ 1:0
გოლი:
გატი (73)

„ფეიენოორდი“ – „რომა“ 1:0
გოლი:
ვიფერი (53)

„ლევერკუზენი“ – „იუნიონ სენტ ჟილი“ 1:1
გოლები:
ბონიფასი (51), ვირცი (82)