„ხეტაფეს“ მწვრთნელი – კონფერენსლიგაზე მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს და „იბერიასთან“ გამარჯვება გვჭირდება #1TVSPORT

22:35, 25.11.2026

„ხეტაფემ“ კონფერენსლიგის მეოთხე ტურში თბილისის „იბერიასთან“ მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა, ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა კი მედიის შეკითხვებს უპასუხა.

„მინდა, პატივისცემა გამოვხატო „იბერიის“ მიმართ, მაგრამ კონფერენსლიგაზე ჯერ მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს და ამ შეხვედრის მოგება ძალიან გვჭირდება, რათა პლეიოფში თამაშის შანსი შევინარჩუნოთ. ამ მატჩს ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს – ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ განწყობის გაუმჯობესება გვჭირდება.

რაც შეეხება დანი კარვახალს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ამ ეტაპზე თამაში არ შეუძლია, რადგან, როდესაც დავიმატეთ, სეზონი უკვე დაწყებული იყო. თუ პლეიოფში გავალთ, ის განაცხადში აუცილებლად იქნება და დაგვეხმარება. კარვახალი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს, თუმცა საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეებიც გვყავს.

პრობლემები? დიახ, საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ლა ლიგა ძალიან მაღალი დონის ტურნირია. მიუხედავად ამისა, შედეგები უნდა გამოვასწოროთ როგორც ლა ლიგაში, ისე კონფერენსლიგაზე, სადაც მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს. ამიტომ პლეიოფში გასასვლელად ქულების მოპოვება აუცილებლად გვჭირდება“, – განაცხადა ბორდალასმა.

კონფერენსლიგის მეოთხე ტურის მატჩი თბილისის „იბერიასა“ და „ხეტაფეს“ შორის 26 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი