სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა ოკუპანტის არაადამიანური სახე
სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა ოკუპანტის არაადამიანური სახე

არჩილ ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს სამსახურში გაატარა და რომელმაც თავისი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა, – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები გარდაცვალებიდან 40 დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა ოკუპაციისა და ოკუპანტის არაადამიანური სახე.

“არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილმა კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ არ შეიძლება ოკუპაცია ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. მთელი მსოფლიო ყოველდღიურად უფრო და უფრო აძლიერებს წნეხს ოკუპანტ რუსეთზე, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ყველაფრის გამო, რასაც ის აკეთებს უკრაინაშიც და მთელს მსოფლიოშიც. გამოძიებას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად სცადეს დაემალათ ფაქტები, რაც გამოძიებას შესაძლებელს გახდიდა, საბოლოოდ არაფერია შეუძლებელი. ყველაფერი ნათელია ისედაც, უბრალოდ საკითხი არის შემდეგი  – როდის დადგება დღე, როდესაც დამნაშავეები პასუხს აგებენ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, ამაში ისევ საერთაშორისო საზოგადოება იტყვის თავის სიტყვას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც, დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა.