სოსო მანჯავიძე - როცა პარლამენტის კარების აჭედვით ბლოკირება მიდის, პიკეტირება აღარ არის და პირდაპირი თავდასხმაა
სოსო მანჯავიძე - როცა პარლამენტის კარების აჭედვით ბლოკირება მიდის, პიკეტირება აღარ არის და პირდაპირი თავდასხმაა

როცა პარლამენტის კარების აჭედვით ბლოკირება მიდის, ეს პიკეტირება აღარ არის და პირდაპირი თავდასხმაა საკანონმდებლო ორგანოზე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როცა პიკეტირება გამოხატვის თავისუფლებას სცილდება და პარლამენტის კარების აჭედვით ბლოკირება მიდის, ეს პიკეტირება აღარ არის და პირდაპირ თავდასხმაა საკანონმდებლო ორგანოზე, 20 ივნისის მოვლენებისა არ იყოს“, – განაცხადა მანჯავიძემ.

მისი თქმით, ნულოვანი ბარიერით სრულად პროპორციული სისტემის გამოცხადება არასწორი იყო, რადგან ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის და საქართველო პირველი ქვეყანა იქნებოდა, სადაც ეს მოხდებოდა.

„ამის გამოცხადება იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია განმუხტულიყო, აბსოლუტურად არასწორი იყო. მე მაგალითად, რომ მოვუსმინე, ყურებს არ დავუჯერე. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი. მერე „დავგუგლე“, ვიღაცებს ვკითხე, იქნებ მე არ ვიცი-მეთქი, მაგრამ ფაქტია – ასეთი რამ არსებობს. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო არასწორი იყო ის ფორმა, რომლითაც ამის უარყოფა მოხდა. ეტყობა, გააანალიზეს და მიხვდნენ, რომ რაღაც უბედურებაში და საერთოდ უმართავ პროცესებში ჩაერთნენ. შემდეგ, ოპოზიციამ წარმოაჩინა, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნები – ეს პანაცეაა, მაჟორიტარული არჩევნები კი საშინელება“, – განაცხადა მანჯავიძემ.

როგორც მანჯავიძემ აღნიშნა, ნაკლოვანებებით ხასიათდება როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სისტემა და ამ ნაკლოვანებების დასაბალანსებლად, თავის დროზე გამოიგონეს შერეული სისტემა, რაც მსოფლიოს 90 ქვეყანაშია.

მანჯავიძემ ასევე განაცხადა, რომ სიტუაციის განსამუხტად საჭიროა, აღდგეს ის მოდელი, რომელსაც ქართველმა ხალხმა 2002 წლის რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი და რაც 2005 წლის პარლამენტის მიერ იქნა იმპლემენტირებული.

„სხვათა შორის, ეს გაითვალისწინეს 2002 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმზე, სადაც პარლამენტარების რაოდენობა შემცირდა და 2005 წლის 23 თებერვალს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, სადაც ასეთი წესი განისაზღვრა – 150 კაციდან 100 პროპორციული წესით უნდა ყოფილიყო არჩეული, 50 კი მაჟორიტარულით. რეფერენდუმში გამოხატული ქართველი ხალხის ეს ნება, რაც შემდგომში პარლამენტის მიერ იქნა იმპლემენტირებული, 2008 წლის არჩევნებამდე, წმინდა პოლიტიკური მიზნებით, სრულიად უკანონოდ იქნა უარყოფილი და მივიღეთ 77-73-ზე, რაც არასწორი იყო. შესაბამისად, ახლა კანონიერება უნდა აღდგეს. უნდა აღდგეს ის პირვანდელი მოდელი, რაც დაბალანსებული და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.