სომხეთის პირველი ლიგის სეზონი ჩაწყობილი თამაშების გამო გაუქმდა
სომხეთის პირველი ლიგის სეზონი ჩაწყობილი თამაშების გამო გაუქმდა

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება პირველ ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) 2019-20 წლების სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ.

ამის მიზეზი გახდა ხუთი კლუბის – „არაგაცის“, „ტორპედოს“, „მასისის“, „ლოკომოტივისა“ და „ერევანის“ დისკვალიფიკაცია ჩაწყობილი თამაშების გამო. ასევე სხვადასხვა ვადით მიიღეს დისკვალიფიკაცია 58-მა მოთამაშემ, მწვრთნელმა და ფუნქციონერმა.

„გადაწყვეტილებას პირველი ლიგის გამარჯვებულისა და მომდევნო სეზონის ფორმატის შესახებ ფედერაციის აღმასკომის მომდევნო სხდომაზე მიიღებენ. მანამდე კლუბებს შეეძლებათ აპელაციის შეტანა“, – წერია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პირველი ლიგის გათამაშებაში 18 კლუბი იღებდა მონაწილეობას. პირველობა 24-ე ტურის შემდეგ შეწყდა.