ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

კალათბურთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ განაცხადა, პაციენტი ამ ეტაპზე თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

მისი თქმით, ოპერაცია საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და თემურ დათიკაშვილის გაწერა რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება.

„წუხელ სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულებიდან გადმოიყვანეს 55 წლის მამაკაცი, რომელსაც მუცლის არეში ტკივილი ჰქონდა. პაციენტს ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები და დღეს გადაწყდა ოპერაციული ჩარევა. პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, მოთავსებულია პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

თემურ დათიკაშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე ბრალდებულზე ფიზიკურ ზემოქმედებას გამორიცხავს.