სომხეთის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერი უნდა გადადგეს
სომხეთის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერი უნდა გადადგეს

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის, გაგიკ წარუკიანის პრესმდივნის, ივეტა ტონოიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სულ მცირე უნდა გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„აქ არიან ადამიანები, რომელთა ახლობლები ბრძოლის ველზე დაეცნენ, თუმცა ტერიტორიების დათმობის გადაწყვეტილება კალმის ერთი მოსმით იყო მიღებული. ეს დაუშვებელია და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სულ მცირე უნდა გადადგეს“, – განაცხადა „აყვავებული სომხეთის“ პარტიის დეპუტატის, გაგიკ წარუკიანის პრესმდივანმა, ივეტა ტონოიანმა.

მისი თქმით, დღეს სომხეთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა.

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ქმედებას არ აპატიებს ამჟამინდელ მთავრობას. შემდგომი მოქმედებები პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება“, – აღნიშნა ტონოიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.