სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა
სომხეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ონიკ გასპარიანი სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დაშნაკცუთუნის“ წარმომადგენლის, იშხან საგატელიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რამდენიმე საათში სპეციალურ მიმართვას გაავრცელებენ.

„შეხვედრის დროს განვიხილეთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია. შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქვეყნის შიგნით აუცილებელია სტაბილურობა. მივმართავთ ერს – შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვენ ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში ვართ. კონსულტაციების შემდეგ, უახლოეს საათებში განცხადებას გავაკეთებთ და შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე ვისაუბრებთ“, – აცხადებს საგატელიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.