სათხილამურო სპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ავსტრიის ქალაქ ზეეფილდში მიმდინარეობს, გრანდიოზული სადოპინგო სკანდალი აგორდა.
გერმანული ტელეარხის „ეი-ერ-დი“ (ARD) ცნობილმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ავსტრიელმა და გერმანელმა სამართალდამცავებმა ერთობლივი ანტისადოპინგო ჩხრეკა ჩაატარეს. მამაკაცთა 15-კილომეტრიან რბოლამდე რამდენიმე საათით ადრე, დაკავებულია რამდენიმე მოთხილამურე.
პარალელურად, გერმანიის ქალაქ ერფურტში პოლიციამ დაკითხა ექიმი, რომელიც რამდენიმე ეჭვმიტანილ სპორტსმენთან მუშაობდა.
რეიდების ჩატარების საბაბი ის მონაცემები გახდა, რომელიც „ეი-ერ-დი“-ს (ARD) ინფორმატორმა, ავსტრიელმა მოთხილამურემ იოჰანეს დიურმა წარმოადგინა. . ის მსოფლიოს თასზე 2011-14 წლებში გამოდიოდა და სოჭის ოლიმპიადაზე ერითროპოეტინის გამოყენებაში ამხილეს. იმ სკანდალიდან ხუთი წლის შემდეგ, დიური დათანხმდა „ეი-ერ-დი“-სთვის ინტერვიუს მიცემას. მისი ჩვენებების საფუძველზე, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება აქამდე უცნობ სადოპინგო მეთოდიკასთან დაკავშირებით.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ოთხი ან ხუთი სპორტსმენი. ზეპელტი ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილი ათლეტები არიან ავსტრიის, ესტონეთისა და ყაზახეთის ნაკრებებიდან. მათ გვარებს არ ასახელებენ.
ნორვეგიული გამოცემა „ვი-ჯი“ (VG) ცნობით, ლაპარაკია ავსტრიელ და გერმანელ მოთხილამურეებზე, თუმცა, გერმანიის სათხილამურო სპორტის ასოციაციამ უკვე მოასწრო ამ ინფორმაციის უარყოფა.
ავსტრიულმა გაზეთმა „კრონ ცაიტუნგმა“ (Krone Zeitung) დაასახელა ორი დაკავებული მოთხილამურე – ესენი არიან დომინიკ ბალდაუფი და მაქს ჰაუკე, რომლებმაც გუნდურ სპრინტში მეექვსე ადგილი დაიკავეს. ავსტრიის კანონების თანახმად, მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.