ბრიტანული პრესა - რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიადას ჩამოაშორონ
ბრიტანული პრესა - რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიადას ჩამოაშორონ

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების სავარაუდო დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა ბრიტანული გაზეთი „ტელეგრაფი“ (The Telegraph).

გერმანულ ტელეარხ „აერდე“ (ARD)-ის შემდეგ, ეს გამოცემაც წერს, რომ რუსეთი შესაძლოა ვერ ვიხილოთ 2020 წლის ზაფხულის თამაშებზე. ეს უკავშირდება დარღვევებს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში და გაყალბებულ მონაცემებს, რომლებიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთის მხარისგან მიიღო.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში მიაჩნიათ, რომ მოსკოვში 18 თვის განმავლობაში ხდებოდა დოპინგ-სინჯებითა და სხვადასხვა ინფორმაციით მანიპულირება, რათა დაეფარათ რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების სისტემური გამოყენება. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ექსპერტები საბოლოო ანგარიშს ორშაბათს, 23 სექტემბერს წარმოადგენენ. ამავე დღეს გამოაცხადებენ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის შემოწმების შედეგებს და განიხილავენ მისი მუშაობის ხელმეორედ სავარაუდო შეჩერებას.

ამის შემდეგ, მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაცია განიხილავს რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის წევრობის აღდგენის საკითხს. 27 სექტემბერს, მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და იქ 29 რუსი სპორტსმენი გამოვა ნეიტრალური სტატუსით. ვარაუდობენ, რომ რუსული მძლეოსნობა ისევ კანონგარეშე დარჩება.

ბრიტანული გაზეთის წყარო იმასაც იტყობინება, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში გაჩნდება რუსული სპორტული ხელმძღვანელობის ბრალეულობის ახალი მტკიცებულებები. თუ დოპინგ-სინჯებში სახელმწიფოს ახალი ჩარევის ფაქტები გახდება ცნობილი, რუსეთი შესაძლოა მოკვეთონ ტოკიოს ოლიმპიადიდან.