ამერიკა რუსეთისთვის მკაცრ სასჯელს ითხოვს
ამერიკა რუსეთისთვის მკაცრ სასჯელს ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელმა ტრევის ტაიგარტმა გამოთქვა დიდი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო მაქსიმალურად მკაცრ სანქციებს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემებში სერიოზული მაქინაციები აღმოაჩინეს.

„მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ხისტად უნდა იმოქმედოს და მაქსიმალურად შეზღუდოს რუსი სპორტსმენების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. მხოლოდ ასეთმა გადამჭრელმა პასუხმა უნდა გამოაფხიზლოს რუსეთი, შეცვალოს მისი მოქმედება და დაიცვას სუფთა სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში იასპარეზებენ. ასევე უნდა იზრუნონ რუსეთში სპორტსმენთა მომავალ თაობაზე, რომელიც მეტს იმსახურებს.

სამწუხაროა, როცა ქვეყნის სპორტსმენები ზარალდებიან სახელმწიფო და სპორტულ სისტემებში არსებული თაღლითობისგან. რუსეთის მხრიდან ხუთწლიან დარღვევებს ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. თუ ეს არ მოხდება, რუსეთი კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს თავის სპორტსმენებს და მთელს მსოფლიო სპორტს. დადგა მკაცრი სასჯელის დრო“, – წერია ტაიგარტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ ამ ორგანიზაციის აღმასკომს მისცა რეკომენდაცია – ოთხი წლით ჩამოაშორონ საერთაშორისო ტურნირებს რუსეთი.