სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთისა და სირიის სამხედროებს შორის პირველი შეტაკება მოხდა
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და სირიის არმიის სამხედროებს შორის პირველი შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „სირიის ადამიანთა უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს.
ამასთან, ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ცნობით, თურქმა სამხედროებმა და სირიული შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლებმა სირიის შეიარაღებული ძალების 14 სამხედრო ტყვედ აიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ რას-ალ-აინის მახლობლად, სოფელ ასადიასთან მოხდა. გარდაცვლილია სულ მცირე, ექვსი სირიელი სამხედრო.
მას შემდეგ, რაც თურქეთთან მოსაზღვრე რაიონები ქურთმა მებრძოლებმა დატოვეს, სირიის არმიამ სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებადი რამდენიმე ქალაქი დაიკავა.
თურქეთს სირიაში საზღვრიდან 30 კილომეტრის რადიუსში ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნა სურს, რის გამოც აღნიშნულ რაიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, თუმცა აშშ-ს შუამავლობით ოპერაციის 120 საათით შეჩერებაზე დათანხმდა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თურქეთი და რუსეთი სასაზღვრო რაიონის ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ.