სირიის არმიის ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
სარაკეტო დარტყმის სამიზნე ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ობიექტი იყო.
სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიის არმიამ ანტისარაკეტო სისტემებით რვა რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა რამდენიმემ მაინც მიაღწია მიზანს.
ტელეარხ Al-Mayadeen-ის ინფორმაციით, რაკეტებმა ლიბანის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. სირიის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ სარაკეტო დარტყმა ავიაბაზაზე აშშ-მა მიიტანა. პენტაგონსა და თეთრ სახლში ამ ცნობას უარყოფენ.
სარაკეტო იერიშს წინ უძღოდა სირიის არმიის მიერ აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში მდებარე ქალაქ დუმაზე მიტანილი ქიმიური შეტევა. სირიელი მოხალისეები ამტკიცებენ, რომ ასადის რეჟიმმა მომწამვლელი გაზი ზარინი გამოიყენა. შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა. დამასკოში, მოსკოვსა და თეირანში ქიმიურ იერიშის შესახებ ინფორმაციას “ფაბრიკაცია” უწოდეს.
მოგვიანებით, მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიას, რუსეთს და ირანს დააკისრა.
ამავე დღეს გავრცელდა აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება, რომელშიც ტრამპი და მაკრონი შესაძლო ქიმიურ შეტევაზე კოორდინირებული პასუხის გაცემაზე საუბრობენ.
დღესვე დუმაში შესაძლო ქიმიური შეტევის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში უნდა იმსჯელონ.