სინგაპურის გრანპრის პრიზიორების საინტერესო სტატისტიკა
სინგაპურის გრანპრის პრიზიორების საინტერესო სტატისტიკა

სინგაპურში მოპოვებული პოული ლუის ჰემილტონისთვის მიმდინარე სეზონზე მეშვიდე, კარიერაში კი 79-ე აღმოჩნდა. მარინა-ბეის ტრასა ბრიტანელისთვის მეათე ტრასაა, სადაც 4-ჯერ ან მეტჯერ შეძლო პოულ პოზიციის დაკავება. ჰემილტონმა სებასტიან ფეტელის რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე ერთადერთი პილოტი იყო, რომელსაც სინგაპურში როგორც კვალიფიკაცია, ასევე თავად რბოლა ოთხჯერ ჰქონდა მოგებული.

მერსედესის ბრიტანელმა პილოტმა კარიერაში 69-ე, ამ სეზონზე კი მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ეტაპით ადრე, ის პირად ჩათვლაში ლიდერობს და სებასტიან ფეტელს 40 ქულით უსწრებს. პოდიუმზე ჰემილტონი 129-დ ავიდა, მერსედესის შემადგენლობაში მეოთხმოცედ.

კვალიფიკაციაზე მეორე დრო აჩვენა მაქს ფერსტაპენმა და კარიერაში თავისივე საუკეთსო შედეგი გაიმეორა. მან უკვე მეოთხედ დაიწყო რბოლა მეორე ადგილიდან. 20 წლის ჰოლანდიელმა ამის გაკეთება ბოლოს 10 თვის წინ მექსიკაში შეძლო. სინგაპურის ეტაპი იმავე ადგილზე დაასრულა, საიდანაც დაიწყო და მეჩვიდმეტედ ავიდა პოდიუმზე.

სასტარტო პოზიცია შეინარჩუნა სებასტიან ფეტელმაც და რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა. პოდიუმზე 108-დ ავიდა, რაც ისტორაიში მესამე შედეგია. გერმანელს 129 საპრიზო ადგილით ჰემილტონი და 155 საპრიზო ადგილით მიხაელ შუმახერი უსწრებენ.