სებასტიან ფეტელმა ახსნა, რატომ მიაჩნია შუმახერი ჰემილტონზე უკეთეს მრბოლელად
სებასტიან ფეტელმა ახსნა, რატომ მიაჩნია შუმახერი ჰემილტონზე უკეთეს მრბოლელად

„ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა ახსნა, რატომ მიიჩნევს მიხაელ შუმახერს უფრო დიად მრბოლელად, ვიდრე ლუის ჰემილტონს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელმა შეძლო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის რეკორდის გამეორება ფორმულა 1-ში მოგებების რაოდენობით.

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მიხაელის ამ რეკორდის გაუმჯობესება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ, ახლა, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ლუისი ამას გააკეთებს. მიუხედავად ამისა, ფაქტად რჩება ის, რომ მიხაელი ყოველთვის იქნება ჩემი გმირი. მასში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც სხვა პილოტებში არასოდეს მინახავს. ის, უბრალოდ, ყველა დანარჩენზე უკეთესი იყო.

საქმე ბუნებრივ ნიჭშია, რომლის ახსნაც ძალიან რთულია. მინახავს, როგორ ატარებდა ის რბოლას კარტის მანქანით. მქონდა ბედნიერება, მასთან ერთად გამოვსულიყავი „ჩემპიონთა რბოლაში“ და ახლოს გამეცნო მისი სარბოლო თვისებები. სხვაზე არავისზე მინახავს მსგავსი რამ. ეს შთამბეჭდავი იყო.

შესაძლოა, გავლენას ახდენს ის, რომ შუმახერს ვაკვირდებოდი მაშინ, როცა ბავშვი ვიყავი. ლუისთან დაკავშირებით სხვა სიტუაციაა – ჩვენ ტრასაზე კონკურენტები ვართ. შესაძლოა, 10-20 წლის შემდეგ, მე უფრო მეტად დავაფასო მისი რეკორდი. მაგრამ, როცა მოქმედი პილოტი ხარ, არ აკეთებ ფოკუსირებას სხვის შედეგებსა და მიღწევებზე“, – განაცხადა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ფეტელმა.