ლუის ჰემილტონმა 90-ე გრანპრი მოიგო - რბოლა იტალიაში დიდი ავარიებით აღინიშნა (ვიდეო)
ლუის ჰემილტონმა 90-ე გრანპრი მოიგო - რბოლა იტალიაში დიდი ავარიებით აღინიშნა (ვიდეო)

ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველად გაიმართა რბოლა „მუჯელოს“ ტრასაზე – ამ იტალიურ ტრეკზე გათამაშდა ტოსკანას გრანპრი, რომელიც სავსე იყო ავარიებით, უსაფრთხოების მანქანებითა და წითელი დროშებით. გამარჯვებული კი ისევ და ისევ ლუის ჰემილტონი გახდა, რომელმაც სეზონში მეექვსე რბოლა მოიგო.

ავარიები თითქმის თავიდანვე დაიწყო: მესამე მოსახვევში ერთმანეთს შეეჯახნენ მაქს ფერსტაპენი, პიერ გასლი და რომენ გროსჟანი. ტრასაზე გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, რომლის გასვლის შემდეგ შედგა რესტარტი და სწორ მონაკვეთზე მოხდა გრანდიოზული ავარია კევინ მაგნუსენის, ნიკოლას ლატიფის, ანტონიო ჯოვინაცისა და კარლოს საინსის მონაწილეობით. რბოლა წითელი დროშებით შეწყვიტეს იმისთვის, რომ ტრასა ნამსხვრევებისგან გაეწმინდათ. კიდევ ერთხელ წითელი დროშები გაჩნდა ფინიშამდე 12 წრით ადრე ლენს სტროლის ავარიისას. ორივეჯერ რბოლა ადგილიდან სტარტით განახლდა, მაგრამ ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ლუის ჰემილტონის ლიდერობაზე – „მერსედესის“ ლიდერი ყოველ ჯერზე კომფორტული უპირატესობით უკან ტოვებდა თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს.

ბოლო რესტარტისას, ბოტასმა გარკვეული დროით წინ გაუშვა დანიელ რიკარდო, რის გამოც საბოლოოდ გამოემშვიდობა გამარჯვებაზე იმედებს. მან რიკარდოს გასწრება შეძლო და რაღაც მომენტში თითქმის დაეწია ჰემილტონს, მაგრამ ბოლო წრეზე მკვეთრად ჩამორჩა და თანაგუნდელთან ოთხი წამი წააგო.

რიკარდოს ერთი ნაბიჯი დააკლდა „რენოს“ ბოლიდით თავის პირველ პოდიუმამდე, მაგრამ მას ბოლო წრეებზე დაეწია და გაუსწრო ალექს ალბონმა, რომელმაც კარიერაში პირველი პოდიუმი მოიპოვა.

რბოლა „მუჯელოზე“ მე-1000 გრანპრი იყო ფორმულა 1-ში „ფერარისთვის“. საიუბილეო რბოლაში იტალიური გუნდის ორივე პილოტი მოხვდა ქულათა ზონაში – შარლ ლეკლერი მერვეზე გავიდა, სებასტიან ფეტელი – მეათეზე.

მცირე იუბილე ჰემილტონსაც ჰქონდა – მან კარიერაში 90-ე რბოლა მოიგო და მიხაელ შუმახერის აბსოლუტურ რეკორდამდე ერთი მოგება უკლია.

საერთო ჩათვლაში ჰემილტონის უპირატესობა ბოტასზე 55 ქულამდე გაიზარდა, ხოლო კონსტრუქტორთა თასზე „მერსედესი“ უკვე 152 ქულით უსწრებს „რედ ბულს“, „ფერარი“ კი მისთვის უჩვეულოდ დაბალ მეექვსე ადგილზეა.