შვედეთის ელჩი - იმედი გვაქვს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად განვითარდება
იმედი გვაქვს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას, ისევე, როგორც ამ პროცესების განვითარებას ადევნებენ თვალს საერთაშორისო ინვესტორები. ალბათ ჩემი როლი არ არის, შინაარს ჩავუღრმავდე, რადგან ჯერ ყველა დეტალი არ არის გახსნილი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, პროცესი განვითარდება გამჭვირვალედ და დემოკრატიულად“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად, ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კომენტარი გუშინ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიას თქმით, ის წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირდაპირ ეუბნება.