„შუქურას“ ინვესტორი - ვმუშაობთ, რომ დავალიანება სწრაფად გავისტუმროთ და ახალ სეზონს ფინანსურად წელგამართული შევხვდეთ #1TVSPORT
„ალიანს ჰოლდინგ ჯგუფის“ დამფუძნებელმა და ქობულეთის „შუქურას“ ინვესტორმა, აიეტ კუკავამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პირველ არხთან გუნდის დავალიანებაზე.
გავრცელებული ცნობით, ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული „შუქურას“ ადმინისტრაციას გუნდის წინაშე დავალიანება აქვს – „ჯეო თიმის“ ცნობით, ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის ფეხბურთელები ახალი წლის შემდეგ გუნდის შეკრებაზე გამოცხადებას არ აპირებენ.
„კლუბის დაფინანსება ჩვენი მხრიდან გეგმიურად მიდიოდა. თუმცა, რეგიონში მიმდინარე საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, უცხოელმა პარტნიორებმა დაფინანსება შეაჩერეს და კლუბის დაფინანსება „ალიანს ჯგუფს“ დამოუკიდებლად მოუწია, რომელსაც ეს დაგეგმილი არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, კლუბში ჰოლდინგმა 2 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე ლიგაში და პირველი ლიგის რამდენიმე გუნდის ბიუჯეტსაც აჭარბებს.
ასევე, წინასწარ არსებული ინფორმაციით, სტიმულირების და პრემიების სახელმწიფო პროგრამა უნდა გაგრძელებულიყო, როგორც იყო წინა ხუთ წელიწადში, რაც გულისხმობდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან კლუბის ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 800 ათასი ლარის შემოსვლას. გუნდის ბიუჯეტიც ამ გათვლებით გვქონდა შედგენილი.
საბოლოოდ, გაირკვა, რომ სტიმულირება და პრემიები წელს არ ანაზღაურდებოდა, როცა პრემიები წინასწარ გავეცით. დაფინანსების სიმცირემ, როგორც ეროვნული ლიგის, ისე ლიგა 2-ის ძალიან ბევრი კლუბი დააყენა გაცილებით მწვავე ფინანსური პრობლემების წინაშე და ეს კლუბებიც მუშაობენ, რომ თავი დააღწიონ დაუგეგმავ კრიზისს.
ამჟამად ფეხბურთელების დავალიანება „შუქურას“ 2022 წლის ერთი თვის სახელფასო ბიუჯეტს არ აღემატება. ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავისტუმროთ დავალიანება და კლუბი ახალ სეზონს არა მხოლოდ ვალების გარეშე, არამედ ფინანსურად წელგამართული შეხვდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აიეტ კუკავამ.