„ტორპედომ“ შუქურას“ მოუგო და მესამე ადგილზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
„ტორპედომ“ შუქურას“ მოუგო და მესამე ადგილზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბოლო საშინაო შეხვედრა ქობულეთის „შუქურასთან“ გამართა, 9:0 მოიგო და სეზონის რეკორდი გაიმეორა, რომელიც „სამტრედიამ“ წინა ტურში სწორედ „შუქურასთან“ (9:0) დააფიქსირა.

ქუთაისელები თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-13 წუთზე ქობულეთელებმა მიიღეს – მიკელ აბანდოს წაქცევისთვის „ტორპედოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ესპანელმა თავდამსხმელმა დაარტყა, მაგრამ ქუთაისელების მეკარემ, ფილიპ კლიაიჩმა ბურთი მოიგერია.

ამის შემდეგ „ტორპედომ“ უფრო მობილიზებულად შეუტია და მომენტები გამოიყენა. 28-ე წუთზე ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, ხოლო ხუთ წუთში გიორგი არაბიძის შესანიშნავი გადაცემით მეორე გოლი ნიკოლა ნინკოვიჩმა გაიტანა და ქუთაისელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

მერე ნახევარში გიორგი არაბიძემ თავად გაიტანა – 57-ე წუთზე საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა და ზუსტად დაარტყა 3:0. 25 წლის შემტევმა გოლთან ერთად ანგარიშზე ორი საგოლე პასიც ჩაიწერა.

ქუთაისელთაგან ნიკოლა ნინკოვიჩმა ჰეთთრიკი შეასრულა. შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ ორი გოლი გაიტანა. ასევე დუბლი შეასრულა „ტორპედოს“ დებიუტანტმა, 19 წლის თავდამსხმელმა დავით იმედაძემ.

ბოლო ტურის წინ „ტორპედომ“ 59 ქულა დააგროვა, გორის „დილას“ (57) გადაასწრო და მესამე ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატია, ხოლო „შუქურა“ (11) ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაქვეითდა.