ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგიდან გავარდა - „საბურთალო“ მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგიდან გავარდა - „საბურთალო“ მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნულ ლიგაში თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და ეროვნულ ლიგა 2-ში ოფიციალურად დაქვეითდა.

საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩი ქობულეთელებმა გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართეს. ეს „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის რანგში გამოცდილი რევაზ ძოძუაშვილის სადებიუტო თამაში იყო.

„საბურთალომ“ ანგარიში სწრაფად გახსნა – მე-19 წუთზე ლევან სილაგაძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა და თბილისელები დააწინაურა. 42-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ დავით მუჯირმა წონასწორობა აღადგინა.

„საბურთალომ“ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, ისევ სწრაფად გაიტანა და ისევ საჯარიმო დარტყმით – ამჯერად შოთა ნონიკაშვილმა მახვილი კუთხიდან ბურთი კარში ჩაახვია.

30 ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ რვა ქულა დარჩა. ეს კი იმას მიშნავს, რომ გუნდი ეროვნული ლიგიდან გავარდა, რადგან დარჩენილი ექვსი მატჩის მოგების შემთხვევაში, „გაგრას“ (26) ქულებითაც რომ დაეწიოს, დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.

„საბურთალო“ (49) კი მესამე ადგილზე დაწინაურდა და წყალტუბოს „სამგურალს“ (46) გადაასწრო, ხოლო ქუთაისის „ტორპედოსთან“ (45) და გორის „დილასთან“ (44) უპირატესობა გაზარდა, თუმცა კონკურენტებს ჯერ 30-ე ტურის მატჩები არ ჩაუტარებიათ.