„შუქურა“ - ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მთავარ მწვრთნელთან ხელშეკრულება შეეწყვიტა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, ქობულეთის „შუქურამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებაა გუნდის მთავარი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის გათავისუფლებაზე.
„გუნდის მენეჯმენტსა და მწვრთნელს შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე აზრების კარდინალური განსხვავება დაფიქსირდა. შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მიეღო მტკივნეული გადაწყვეტილება რევაზ გოცირიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. კლუბი მადლობას უხდის რევაზს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობის გამო და წარმატებებს უსურვებს შემდგომ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტმა „შუქურა“ 2022 წელს სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა – მისი ხელმძღვანელობით, ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.