შტორმი „ანრი“ აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთს დაატყდა თავს
შტორმი „ანრი“ აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთს დაატყდა თავს

შტორმი „ანრი“ აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთს დაატყდა თავს. 120 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„ბიბისის“ ცნობით, სტიქია საგრძნობლად შესუსტდა, ვიდრე ხმელეთს მიაღწევდა, თუმცა მაინც გამოიწვია ძლიერი ქარი და წვიმა.

როდ აილენდსა და სამხრეთ ახალ ინგლისში მცხოვრები მილიონობით ადამიანი მოსალოდნელი ღელვის, წყალდიდობისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ უკვე გააფრთხილეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტენესის შტატში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან ასევე დაამტკიცა საგანგებო დახმარება როდ აილენდის, კონეკტიკუტისა და ნიუ იორკის მცხოვრებლებისთვის, რომელთაც შტორმი „ანრი“ ემუქრება.

ნიუ იორკში უკვე გაუქმდა ასობით რეისი. ჩაიშალა გრანდიოზული კონცერტიც, რომელიც ნიუ იორკში დღეს იყო დაგეგმილი.