ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი რთული იყო, თუმცა შედეგი გვაქვს

22:41, 16.11.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. მისი თქმით, დღეს მხარეებს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელშიც სამივე მხარის მომლაპარაკებელთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„დიპლომატიური პროცესები აქტიურად გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი უშედეგო არ იქნება. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად კონსტრუქციულად მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ომის ღირსეული დასრულება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობს ამერიკული მხარეც. საუბარს ონლაინფორმატში შეუერთდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.​

„ევროპა ამ საუბარში პირველად იყო წარმოდგენილი სრული შემადგენლობით, იმ წარმომადგენლების სახით, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის და ნატო-ს წარმომადგენელი“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, საუბარი რთული იყო, თუმცა მხარეებმა გარკვეულ შედეგს მიაღწიეს.

„საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვს: ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შევხვდებით ერთმანეთს და მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებს შევიმუშავებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი