შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ ხიდაშელი გამოკითხვაზე თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა
მიხეილ ხიდაშელი გამოკითხვაზე 180-ე, თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ხიდაშელის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და დღეს 09:00 საათზე დასრულდა.
როგორც მან საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ განაცხადა, სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომლებსაც უპასუხა, ხოლო ყველა სხვა კითხვას უკვე სამართალდამცველები უპასუხებენ.
სამართალდამცველებმა მიხეილ ხიდაშელი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ზვიად კუპრავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისი სახელი ახსენა. კერძოდ. კუპრავას თქმით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმებოდა.