შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე ოთხი პირია დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე ოთხი პირია დაკავებული

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირია დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან აქციას დილიდან მართავენ. ისინი თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეებს შესასვლელის გათავისუფლებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ადგილზე რამდენიმე პირი დააკავეს.