აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ, ხმაურია
აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ, ხმაურია

აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, ხმაურია. აქციის მონაწილეები თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეებს ისინი შესასვლელის გათავისუფლებას სთხოვენ.

„თქვენ ზღუდავთ ადამიანების უფლებებს, არ აძლევთ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას. შენობა ბლოკირებულია, ეს არის კანონდარღვევა. გთხოვთ, გაათავისუფლოთ შესასვლელი და ისე გამოხატოთ თქვენი პროტესტი“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გიორგი მაღალდაძემ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი კანონს არ არღვევენ.

„კანონს არ ვარღვევთ, უფლებები ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ყველამ დატოვა, ნუ გადაყვებით ივანიშვილს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.

სამართალდამცველები შენობის შესასვლელის გათავისუფლებას ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის მთავრობის შესასვლელთან აქციას დილიდან მართავენ.