სტივ კლარკი შოტლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იტყობინება ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია.
55 წლის სპეციალისტთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. კლარკი ამ სეზონში შოტლანდიის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მისი ხელმძღვანელობით „კილმარნოკი“ მესამე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში.
„ჩემთვის დიდი პატივია შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელობა. ჩემს მოვალეობებს სიამაყითა და ერთგულებით შევასრულებ. მჯერა, რომ ჩვენს გუნდში შეკრებილნი არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ საერთაშორისო არენაზე. მოუთმენლად ველოდები მათთან მუშაობის დაწყებას და მზად ვარ დავეხმარო ამბიციების რეალიზაციაში“, – მოჰყავს კლარკის სიტყვები ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდს.
შოტლანდია ევრო 2020-ის შესარჩევში I ჯგუფში გამოდის ბელგიასთან, კვიპროსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და სან მარინოსთან ერთად. შოტლანდიელებმა პირველ ტურში 0:3 წააგეს ყაზახეთთან და შემდეგ 2:0 მოუგეს სან მარინოს. სწორედ ამ მატჩების შემდეგ გაანთავისუფლეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალექს მაკლიში.