ვილი სანიოლი - ბევრი ოცნება გვაქვს და იმედია, გლაზგო ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ბევრი ოცნება გვაქვს და იმედია, გლაზგო ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე „ჰემპდენ პარკზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ვინც საფრანგეთი-გიბრალტარი ნახა, იტყვის, რომ ხანდახან მაღალ დონეზე საფრანგეთიც ვერ თამაშობს. იმიტომ ვამბობ, რომ, შესაძლოა, კვიპროსთან მეტის მოლოდინი იყო და ზოგჯერ ეს ამბიცია კარგია. თუმცა, დაახლოებით წელიწად-ნახევარია, ოფიციალურ შეხვედრაში არ დავმარცხებულვართ. ჩვენ საქართველო ვართ და ყოველთვის ვერ მოვიგებთ, მაგრამ კვიპროსთან კმაყოფილი ბოლო წუთებით დავრჩი, რადგან გუნდი არ დანებდა და მოიგო.

კვიპროსთან მთავარი პრობლემა იყო არა ნახევარდაცვის თამაში, არამედ ის, რომ თავდამსხმელები დაცვის ხაზს კარგად არ ეხმარებოდნენ. სწორედ ესაა თანამედროვე ფეხბურთი. ამიტომ შოტლანდიასთან უფრო კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. მამარდაშვილი პირველი მეკარეა და კონკრეტული მიზეზის გარეშე, არ შევცვლი.

შოტლანდიაში ყოველთვის საუკეთესო საფეხბურთო ატმოსფეროა და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება – ამ ნაკრებმა ზედიზედ სამჯერ მოიგო, რასაც ვულოცავ. მეტოქემ სახიფათო მხარეები ნორვეგიასთან მატჩის ბოლო 10 წუთს გამოვლინა – მას დიდი რესურსი აქვს. ჯგუფში კარგი დასაწყისის შემდეგ საკუთარ მოედანზე თამაში მათთვის წნეხი იქნება. ჩვენ უფრო თავისუფლად ვიქნებით და შევეცდებით, შედეგი დავდოთ.

დიდი რესურსი საქართველოსაც გააჩნია, რაც ბევრისთვის მოულოდნელადაც არაერთხელ ვაჩვენეთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების. ბევრი ოცნება გვაქვს და იმედია, გლაზგო ამ დიდ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. კვარაცხელია ჩვენი გუნდის ლიდერია, მაგრამ ფეხბურთში მნიშვნელოვანია, ყველამ გუნდურად ითამაშოს და დავალებები შეასრულოს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

შოტლანდიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი სამი მატჩი მოიგო – მარტში შინ კვიპროსთან და ესპანეთთან, 17 ივნისს კი გასვლაზე ნორვეგიასთან და A ჯგუფს ცხრა ქულით ლიდერობს. გუნდი საქართველოს სამშაბათს საღამოს „ჰემპდენ პარკზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე შეხვდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.