შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მატჩს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს #1TVSPORT
საქართველოსთან (16 ნოემბერს) და ნორვეგიასთან (18 ნოემბერს) ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი შეხვედრების შესახებ შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა ისაუბრა და არ დამალა, რომ „ჯვაროსნებთან“ თამაშს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა.
„საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას კვირას თურქეთში, თბილ ამინდში დავიწყებთ, იქიდან კი თბილისში გადავინაცვლებთ. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი ჯგუფში ბოლო ორი თამაში იქნებოდა, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ადრე და ძალიან დამაჯერებლად მოიპოვეს.
სატურნირო კუთხით, საქართველოსა და ნორვეგიასთან ბოლო შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა შოტლანდიის ნაკრებმა ბოლო სამი მატჩი წააგო და გულშემატკივრების გახარება გვინდა. კარგი იქნება, თუ ორივე შემთხვევაში გავიმარჯვებთ, ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია.
მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, მაგრამ ამის გაკეთება გაგვიჭირდება, რადგან ძალიან რთული წარმოსადგენია, ესპანეთმა კვიპროსთან და საქართველოსთან ქულები დაკარგოს“, – განაცხადა სტივ კლარკმა.