შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი - ფეხბურთს სიურპრიზები ახასიათებს, ამიტომ საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ #1TVSPORT
შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი - ფეხბურთს სიურპრიზები ახასიათებს, ამიტომ საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ #1TVSPORT

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას მოიგებს და მისი გუნდი წარმატებულ სერიას გააგრძელებს.

შოტლანდიელებმა A ჯგუფის ბოლო მატჩი შაბათს ოსლოში ნორვეგიასთან 2:1 მოიგეს და ახლა ემზადებიან მეორეადგილოსან საქართველოსთან შესახვედრად „ჰემპდენ პარკზე“, სადაც ბოლო ხუთი მატჩი მოიგეს.

„როდესაც „ჰემპდენ პარკზე“ მივალთ და ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრის თანადგომას იგრძნობენ, იმედია, კარგი თამაშის ჩვენებას შევძლებთ. ბიჭები თავს კარგად გრძნობენ და მოუთმენლად ელიან სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს. იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ და კარგ ხასიათს შევინარჩუნებთ.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 15 მატჩიდან ერთი წააგო. ამ გუნდს „ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავს. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მეოთხე კალათიდან ყველაზე რთული გუნდი შეგვხვდა. ახლა ისინი კარგ ფორმაში არიან, კვიპროსზე გასვლაზე კარგი თამაში აჩვენეს. ასე რომ, მათ წინააღმდეგ რთული თამაში იქნება.

დადებითი იმპულსის შენარჩუნების თვალსაზრისით, გამარჯვება კარგი იქნება. ჩვენ მხოლოდ ამაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ ფეხბურთს ახასიათებს სიურპრიზები და თუ მეტოქეს პატივს არ სცემთ, შესაძლოა, მოულოდნელი დარტყმა მიიღოთ. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, პატივს ვცემთ ფეხბურთს და შევეცდებით, საქართველოსთან მორიგი სამი ქულა მოვიპოვოთ“, – განაცხადა სტივ კლარკმა.

შოტლანდიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო თავისი სამივე მატჩი – მარტში შინ კვიპროსთან და ესპანეთთან, 17 ივნისს კი გასვლაზე ნორვეგიასთან და A ჯგუფს ცხრა ქულით ლიდერობს. გუნდი საქართველოს სამშაბათს საღამოს „ჰემპდენ პარკზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე შეხვდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.