ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია სარეკორდო სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანია-შოტლანდიის მატჩით გაიხსნა. მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა მეტოქე 5:1 დაამარცხა.
- 21 წლის და 42 დღის ფლორიან ვირცი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
- ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, გახსნით მატჩში სარეკორდო სხვაობით გამარჯვება დაფიქსირდა. აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით ევრო 2020-ზე იტალიამ თურქეთი დაამარცხა – 3:0.
- ტონი კროოსს შოტლანდიასთან მატჩის პირველ ტაიმში პასების 100%-იანი სიზუსტე ჰქონდა, 55-დან 55 ზუსტი გადაცემა.
10′ წუთი. იოზუა კიმიხის გადაცემის შემდეგ ევრო 2024-ის პირველი გოლი „ლევერკუზენის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ფლორიან ვირცმა გაიტანა და გერმანიის ნაკრები დააწინაურა.
19′ წუთი. კაი ჰავერცმა საჯარიმო მოედანში შესული ჯამალ მუსიალა მონახა, რომელმაც მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
44′ წუთი. შოტლანდიის ნაკრებისა და „უოტფორდის“ ცენტრალურმა მცველმა, რაიან პორტეუსმა საკუთარ საჯარიმოში ილქაი გიუნდოგანი წააქცია. ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ შეხვედრის ფრანგმა არბიტრმა, კლემან ტურპენმა შოტლანდიელი მოედნიდან გააძევა.

45+1′ წუთი. გიუნდოგანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა, კაი ჰავერცმა გამოიყენა და გერმანიამ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.


