შოთა ხაბარელი - ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს
შოთა ხაბარელი - ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს, ასევე სპორტის კომიტეტის წევრ შოთა ხაბარელს ხვდება. შეხვედრა კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ, 11:00 საათზე მიხეილ გიორგაძე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სპორტის კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა, მისი აზრით, ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს.

„ვფიქრობ, ძიუდოს ფედერაციის დღევანდელი ყრილობა უნდა გადაიდოს იქიდან გამომდინარე, რომ არის ისეთი დეტალები, რასაც შესწავლა სჭირდება. დღეს ყრილობის ჩატარება არაფრის მომცემი იქნება“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ 12:00 საათზეა დანიშნული.

ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.