შალვა ცხაკაია - რეგულაციის ბრმად მიღება რომ არ შეიძლება, ეს ყველამ უნდა გაიგოს
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს უკვე ორი თვეა, ბიზნესი, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ექსპერტული წრეების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მიუხედავად ბიზნესის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არაერთხელ გაგზავნილი რეკომენდაციებისა, ამ შენიშვნების უმეტესი ნაწილი დღემდე არ ასახულა სადავო კანონპროექტის არსებულ რედაქციაში, რომლის განხილვასაც ინიციატორთა ჯგუფი მომავალი კვირიდან იწყებს.
ბიზნესის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის მთავარ რეკომენდაციად რეგულაციების კერძო სექტორსა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასების გაკეთება რჩება, რასაც კანონპროექტის ავტორები ჯერჯერობით არ იზიარებენ. დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ გაუთვლელად არათუ სადაო, ბიზნესის მიერ მოწონებული მუხლების მიღებაც კი არ შეიძლება.
„პირველ რიგში, ბიზნესს სტაბილურობა და პროგნოზირება უყვარს. აქედან გამომდინარე, ამხელა რეგულაციების ბრმად მიღება რომ არ შეიძლება – ეს ყველამ უნდა გაიგოს და შევთანხმდეთ ამაზე. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიზნესომბუდსმენის ოფისს და არა მხოლოდ მათ. მთავრობაში არიან სტრუქტურები ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით ბიზნესის წუხილი და შეუთანხმებელი საკითხების ერთობლივად გადაწყვეტას თანამშრომლობის ფორმატში ცდილობენ. ჩვენც ვცდილობთ, გავიგოთ მეორე მხარის არგუმენტი, რომ დასაქმებულის უფლებებს დაცვა სჭირდება და მზად ვართ, დეტალურ დისკუსიაში შევიდეთ. მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტი სამწუხაროდ, იმის საშუალებას არ იძლევა, რომ დეტალურად ვიმსჯელოთ და რეალური პრობლემები გადავჭრათ. როგორც ჩანს, აქ უფრო მეტად იმის პრობლემა დგას, რომ არც ერთმა მხარემ არ ვიცი, რეალურად რა პრობლემის წინაშე ვართ, რადგან არ არსებობს ამის ობიექტური კვლევა. მეორე მხრივ, არ ვიცით, სად მიგვიყვანს ამხელა რეგულაციის ბრმად მიღება. კარგი ცვლილებებიც კი, იგივე დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული და არის მთელი რიგი სხვა დადებითი ცვლილებებიც, რომლის წინააღმდეგიც არა ვართ, კარგი ცვლილებებიც კი იმდენად მაღალ ფასთან არის დაკავშირებული, რომ უნდა გვითხრას ვინმემ რა შედეგს მივიღებთ, რა დაგვიჯდება და გვაქვს თუ არა ამის საშუალება, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განუცხადა შალვა ცხაკაიამ „ბიზნესპარტნიორს“.