სეზონის რეკორდი - სოხუმის „დინამოს“ ქულა არ დაუკარგავს და 107 გოლი გაიტანა #1TVSPORT
სოხუმის „დინამომ“ ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. გუნდმა სეზონის ბოლო, მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა ხაშურში „ივერიასთან“ გამართა და დიდი ანგარიშით 11:0 დაამარცხა.
5 გოლი ნინო ჩანგელიას ანგარიშზეა. ჰეთ-თრიკი ლელა ჭიჭინაძემ შეასრულა, თითო გოლი კი ელენე გაზდელიანის, ანი კვახაჯელიძისა და დიანა ბაქრაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ, 0:11 „დინამოს“ სასარგებლოდ.
სოხუმის „დინამომ“ გათამაშება ისე დაასრულა, ქულაც არ დაუკარგავს – ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულმა სეზონში გამართული ყველა 14 მატჩი მოიგო. ეს საქართველოს აბსოლუტური რეკორდია.
2022 წლის სეზონში სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგაში იასპარეზებს. გუნდმა ბოლო 5 შეხვედრაში მეტოქეებს, 60 გოლი გაუტანა, საკუთარში კი ერთიც არ მიუღია. სულ სოხუმელების ანგარიშზე 14 შეხვედრაში 107 გოლი და 7 გაშვებული ბურთია, ანუ საშუალოდ შეხვედრაში „დინამოს“ 7,64 გოლი გაჰქონდა?!
ხაშურის „ივერიამ“ ქალთა ლიგა 2-ში მეორე ადგილი დაიკავა და ქალთა ლიგაში გადმოსასვლელ პლეი-ოფში 27 აპრილს „გორი იუნაიტედს“ შეხვდება.