სერგო ჩიხლაძე - იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შედგება, რადგან ქვეყანა კრიზისშია
სერგო ჩიხლაძე - იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შედგება, რადგან ქვეყანა კრიზისშია

იმედი გვაქვს, შემდეგი რაუნდი შედგება, რადგან ქვეყანა კრიზისშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჩიხლაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მე კატეგორიულად არ აღმიქვამს ელჩის განცხადება. მან თქვა, რომ ერთადერთი ალტერნატივა მოლაპარაკება და დიალოგია. საკმაოდ მკვეთრი გზავნილები იყო, მათ შორის ხელისუფლების მიმართ. ეს გზავნილები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს. იმედი გვაქვს, შემდეგი რაუნდი შედგება, რადგან ქვეყანა კრიზისშია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მკვეთრად დაფიქსირდა, რომ ის ორი საკანონმდებლო ინიციატივის დაანონსება არ არის მიზანშეწონილი და არ იზიარებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, რადგან ვითვალისწინებთ ყველას აზრს, ამიტომ მად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მიუხედავად კობახიძის დესტრუქციული განცხადებებისა. თუ მოხდება შეთანხმება, შეთანხმება არ გულისხმობს განცხადების გამოტანას ან იგივე ვადამდელი არჩევნები, ან იგივე პლებისციტი თუ შედგება, ამას არ სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობის დადგენილებით ხდება. დანარჩენს, რამდენად პროდუქტიული იქნება, ამას გვანახებს შემდეგი მოლაპარაკებები“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებათა მაგიდასთან რაიმე სახის კომპრომისული წინადადება არ მოუტანია.

„საკითხები არის იგივე, მოლაპარკების მაგიდასთან რასაც ველოდებით. მათ რამე სახის კომპრომისული წინადადება არ მოუტანიათ. უბრალოდ თქმა, რომ ეს არ იქნება, ეს არ არის მოლაპარაკებისთვის კეთილგანწყობილი გარემო. მათ მოუწევთ ამ საკითხებზე საუბარი. მათ შორის, ვადამდელ არჩევნებზე. პოლიტიკური კრიზისი თავისთავად განიმუხტება ვადამდელი არჩევნებით. ასე ხდება ყველა ქვეყანაში“,- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გუშინ განაცხადა, რომ როგორც ფასილიტატორი, ხედავს, რომ მხარეები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის არსებობს მრავალი გამოწვევა და აქვე აცხადებს, რომ მტკიცე მოლოდინები არ აქვს. ამასთან, ელჩის განცხადებით, „პარტიების რეგისტრაციის გაუქმებისა და დაფინანსების საკითხებზე მმართველი პარტიის ინიციატივები პროცესს ხელს არ უწყობს და შეშფოთებას იწვევს“. როგორც ელჩი აცხადებს, ჰქონდა შეგრძნება, „რომ ამ დღეებში განხორციელდა ზედმეტი ზეწოლა ინდივიდუალურ დეპუტატებზე მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც ხელი შეუწყო ფართო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის კარის დახურვის დაწყებას​“.