ბორდერიზაციის პოლიტიკა, რომელიც უკვე წლებია მომდინარეობს, სერიოზულ პრობლემად და გამოწვევად იქცა ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო გაღრმავდა.
„როგორც ჩანს, ახლა ბოლომდე გათამამებულები არიან და ამის შედეგია ახალი მავთულხლართების გავლება. კიდევ უფრო აქეთ მოდიან, იგება საგუშაგოები და ხდება მათი აღჭურვა სადამკვირვებლო ტექნიკით. ამაზე სწორი რეაგირება არის ხმამაღალი საუბარი პარტნიორებთან, რომ მათ რუსეთთან დააყენონ აღნიშნული საკითხი. სრული დაუსჯელობის განცდა არსებობს და ბუნებრივია, სამწუხაროდ, ბორდერიზაცია კვლავაც გაგრძელდება“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სოფელ ხურვალეთთან ორი დღეა, რუსი ოკუპანტები სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე უკვე მიტანილია რკინის კონსტრუქცია და ჯიხური. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს ქართული მხარე ერგნეთის ხვალინდელ შეხვედრაზე დააყენებს. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.